პროექტი „ტობის წიგნის მრავალენოვანი ანოტირებული ელექტრონული პარალელური კორპუსული გამოცემა“ დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების 2019 წლის გრანტით (YS-19-165). პროექტის ფარგლებში მომზადდა ტობის წიგნის ქართული, ბერძნული და სომხური ვერსიების პარალელური ელექტრონული გამოცემა, რომელიც, ამავდროულად, იქნა ანოტირებული (თითოეულ სიტყვას მიეთითა ლემა, გრამატიკული ფორმა და ინგლისური თარგმანი). ციფრული გამოცემა შესრულდა ტექსტის სამეცნიერო ელექტრონული გამოცემის სტანდარტის - TEI (Text Encoding Initiative) მიხედვით. მომზადდა ქართული ხელნაწერების (მათი მეტამონაცემებისა და ტექსტის) XML ფორმატში კოდირებული ფაილები, რის საფუძველზეც აიგებო მონაცემთა ბაზა და ვებგვერდი პარალელური ტექსტებისათვის. ტობის წიგნის პარალელური კორპუსული გამოცემის სარედაქციო ფოკუსს განსაზღვრავს ჩატარებული სადოქტორო კვლევა (ნათია დუნდუა, „ტობის წიგნის ქართული თარგმანი (ტექსტის წარმომავლობის, ისტორიისა და თარგმანის ტექნიკის საკითხები)“ (2018)), შესაბამისად, ციფრული გამოცემა წარმოაჩენს კვლევის შედეგად ჩამოყალიბებულ ვარაუდებს. თითოეული ხელნაწერის XML კოდირება, გარდა სტანდარტით გათვალისწინებული კოდირების მინიმალური მოთხოვნებისა (მეტამონაცემები და ტექსტი), გამდიდრებულია ბმულებით დაკავშირებული პრინციპის (ე.წ. Linked Data) მიხედვით და ვრცელი ლინგვისტური ანოტირებით. თითოეული სიტყვა არის თაგირებული და მითითებულია შესაბამისი სალექსიკონო ფორმა, ლემა. სტანდარტის მიხედვით კოდირებულია როგორც ტექსტის სტრუქტურული ელემენტები და პალეოგრაფიული მახასიათებლები, ისე – პირთა და გეოგრაფიული სახელები.
ტობის წიგნის ტექსტუალური ისტორიატობის წიგნი ბიბლიის იმ წიგნთაგანია, რომელიც ებრაულ კანონში არ შესულა. ბერძნულად ჩვენამდე ტობის წიგნმა სამი ტექსტუალური ფორმით მოაღწია, ამათგან ორი სრულადაა შემონახული (GI და GII), ხოლო ერთი ‒ ნაწილობრივ (GIII (6.9-12.22)). ქართულადაც წიგნის სამი ვერსია არსებობს (OGeo (=OIDFm), S, B). ტობის წიგნის ბერძნული ტექსტის კრიტიკულ გამოცემაში, სადაც ყველა მნიშვნელოვანი წყაროა შესული, ქართული ხელნაწერები არ არის გათვალისწინებული, რადგან მეორეულ თარგმანადაა მიჩნეული. ტობის წიგნის ძველი ქართული ვერსია ბერძნულიდანაა ნათარგმნი და ე.წ. GIII-ის ტიპის ტექსტს შეიცავს, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი ბერძნულსა და სირიულ ენებზე. GIII წარმოადგენს GI-ისა და GII-ის კომბინაციას და ასევე გააჩნია საკუთარი იკითხვისები, GIII-ის ეს შერეული ხასიათი ვლინდება ტობის წიგნის მთლიანი ძველი ქართული თარგმანის (OGeo) მანძილზე, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ უნდა არსებულიყო სრული GIII ტიპის ტექსტუალური ფორმა, რომლიდანაც ტობის წიგნი ითარგმნა ქართულად. ტობის ქართული თარგმანის დედანი უნდა ყოფილიყო GIII ტექსტუალური ფორმის ტიპი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ტობის ორი ტექსტუალური ტიპის კომპილაციას, რომლებიც გადამუშავებული იყო სხვადახვა ინტენსივობით ტექსტის სხვადასხვა ნაწილში. ასევე, ამ ტექსტუალური ფორმების გარდა, ქართული ტობის ბერძნული დედანი, სავარაუდოდ, ეყრდნობოდა სხვა წყაროებსაც (ვეტუს ლათინასა და კიდევ სხვას, რომელიც სხვა წყაროებში არ დასტურდება, გარდა ქართულისა). ტობის ქართული თარგმანის ენა ასახავს ბერძნული ტექსტის მახასიათებლებს: ლექსიკას (კალკები, საკუთარი სახელები, ტრანსკრიფციები და სხვ.), სინტაქსს (ინფინიტიური და ნომინალური კონსტრუქციები, და სხვ.), და სემიტიზმებს (პარატაქსი, იდიომები, ფრაზეილოგია, გამეორებები და სხვ.). ტობის წიგნის ამ რთულ ტექსტუალურ ტიპებში გასარკვევად და მაქსიმალურად თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად შეიქმნა აღნიშნული ვებ-გვერდი.
კვლევის მეთოდოლოგია და ეტაპებიკვლევის პირველ ეტაპზე გამოვიყენეთ სიტყვა-სიტყვითი შედარების მეთოდი, რაც გულისხმობს ტობის წიგნის ძველი ქართული თარგმანის შემცველი ყველა ქართული ხელნაწერის (OGeo (=OIDFm) სიტყვა-სიტყვით შედარებას ყველა არსებულ უცხოენოვან წყაროსთან (Hanhart R. 1983: Septuaginta, Tobit, Vetus Testamentum Graecum Auctoritate Academiae Scientiarum Gottingensis editum, vol. VIII, 5 Tobit, Göttingen, Vandenhoeck & Ruprecht), რის შედეგადაც დადგინდა თითოეული ხელნაწერის წარმომავლობა. ამის შემდგომ თითოეულ სიტყვას გაუკეთდა ანოტირება [ა) ლემა, ბ) გრამატიკული ფორმა (რომელი მეტყველების ნაწილია, რიცხვი მხოლობითია თუ მრავლობითი, სახელების შემთხვევაში – ბრუნვა და რიცხვი, ზმნების შემთხვევაში – დრო, რიცხვი და პირი); გ) ინგლისური თარგმანი]. კვლევის შემდგომ ეტაპზე ოშკის ბიბლიაში დაცული ტობის წიგნის ხელნაწერების ფოტოები დამუშავდა, გაუკეთდა სრული ანოტირება და დიგიტალიზაცია. ხელნაწერების პალეოგრაფიული დოკუმენტირებისათვის გამოყენებული იქნა ლონდონის კინგს კოლეჯის ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულების მკვლევართა მიერ შემუშავებული ხელსაწყო Archetype. საბოლოოდ სრული დამუშავებული მასალა განვათავსეთ საიტზე, რომელიც ბმულით დაკავშირებულია ბიბლიის კვლევის სხვადასხვა ცენტრთან, რაც ბიბლიის ქართულ თარგმანს ხდის ხელმისაწვდომს ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქართული მასალის საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში ჩასმას.
საიტის გზამკვლევისაწყის გვერდზე წარმოდგენილია ტობის წიგნის შემცველი ქართული წყაროები (Ath.1; A-570; H-885; m7125; A-646). ტექსტები გადმოწერილია ხელნაწერებიდან, არაფერი არ არის შეცვლილი. მხედრული ტექსტების პარალელურად მოცემულია შესაბამისი ნუსხური პარალელური ვერსიები. გარდა ხელნაწერების დიპლომატური გამოცემებისა, აქვე წარმოდგენილია ტობის წიგნის ყველა ხელნაწერზე დაყრდნობით ჩვენ მიერ კრიტიკულად დადგენილი ტექსტი, რომლის პარალელურად არის ასევე ჩვენ მიერ სამ ტექსტუალურ ტიპზე დაყრდნობით შედგენილი ქართულის შესაბამისი ჰიპოტეტური ბერძნული ტექსტი (ბმული, როცა იქნება). ბერძნული ტექსტი შეფერილია იმის მიხედვით, თუ რომელ ტექსტუალურ ფორმას მისდევს ქართული (მწვანე აღნიშნავს, როდესაც OGeo=GI-ს, წითელი აღნიშნავს, როდესაც OGeo=GII-ს, ყვითელი, როდესაც OGeo=GIII-ს, ხოლო ნაცრისფერი, როდესაც ბერძნული ტექსტუალური ტიპები ერთად დგანან და რთულია გარკვევა, რომელს მისდევს ქართული). პალეოგრაფიული ალბომის გვერდზე განთავსებულია ათონის ივირონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა საცავის კოლექციაში დაცული ოშკის ბიბლიისა (Ath.1) და სომხეთის მატენადარანის ქართულ ხელნაწერთა ფონდში დაცული ტობის წიგნის შემცველი ფრაგმენტების (m 7125) ფოტოები. რუკის განყოფილებაში წარმოდგენილია ინტერაქტიული რუკა, რომელიც შექმნილია სემანტიკური ანოტირების ხელსაწყო Recogito-ს საშუალებით. ანოტირებული ტექსტი დაკავშირებულია შესაბამის ადგილთა საცავებთან (Pleiades). რუკაზე მონიშნულია ყველა ტოპონიმი, რომელიც დასტურდება ტობის წიგნში, კურსორის მიტანით გადავდივართ შემდეგ ბმულზე http://tobit.iliauni.edu.ge/map/, სადაც მოცემულია ტობის წიგნის ტექსტი, ანოტირებული ყველა ტოპონიმითა და ანთროპონიმით. ანთროპონიმები და ტოპონიმები დაკავშირებულია ერთმანეთთან შესაბამისი ნათესაური თუ საცხოვრებელი ადგილების მიხედვით.